PostHeaderIcon მათთვის, ვისაც სურს საკუთარი სახლის აშენება

There are no translations available.

WEDNESDAY, 23 FEBRUARY 2011 12:38 |

თენგიზ ჯანჯღავა

თქვენ გადაწყვიტეთ აიშენოთ სახლი? პირველი, რაც დაგჭირდებათ გარდა დაგროვილი თანხისა, მიწის ნაკვეთი და მომავალი სახლის პროექტია.

 

თუ არ ხართ მიწის მფლობელი, ჯერ ნაკვეთი უნდა შეარჩიოთ. ვაკეზე, სწორ ადგილას სახლის აშენება უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე დაქანებულ ბორცვზე, გორაკზე. მიზეზი ისაა, რომ საძირკვლის მოწყობა ვაკეზე ბევრად ადვილია. თუმცა შემაღლებულზე აშენებული სახლიდან შესაძლოა ლამაზი ხედები იშლებოდეს, თავად სახლიც რთულ რელიეფზე უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს.

თუ გრუნტი კლდოვანია, მისი მოჭრა ძნელია და ძვირიც ღირს. მაგრამ სამაგიეროდ საძირკველში ნაკლები ბეტონი და არმატურა იქნება საჭირო, ვიდრე სუსტ გრუნტზე აშენებული შენობის შემთხვევაში. თუ გრუნტში წყლებია, მაშინ სარდაფი აჯობებს არ გაუკეთოთ, და თუ გაუკეთებთ, მისი ჰიდროიზოლაცია ძვირი დაგიჯდებათ. კიდევ უფრო დიდ პრობლემებს წააწყდებით თუ გრუნტი დამარილებული აღმოჩნდა.

გასათვალისწინებელია ნაკვეთის ახლოს არის თუ არა საავტომობილო გზა, კომუნიკაციები - წყალსადენი, კანალიზაცია, ელექტროენერგია, გაზი და თუ არ არის, მათ გაყვანაზე დამატებითი ხარჯების გაწევა მოგიწევთ.

ნაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შეგეძლებათ იფიქროთ იმაზე, თუ რა მასალით ააშენოთ.

პატარა ხის კოტეჯი ყველაზე იაფი იქნება. ის გამოგადგებათ ზაფხულობით სააგარაკოდ. თუ მასალა კარგად იქნა ანტისეპტიკურად დამუშავებული ორ, სამ და შეიძლება მეტ ათეულ წელს შეიძლება გაძლოს. უნდა უფრთხილდეთ ხანძრის გაჩენას. ელექტროგაყვანილობა და ხელსაწყოები უნდა იყოს სრულ წესრიგში. თუ ზამთარშიც გინდათ გამოიყენოთ აგარაკი გათბობის პრობლემა აუცილებლად სპეციალისტებთან ერთად მოაგვარეთ.

თუ გინდათ სახლი უფრო ხანგრძლივი გამოყენებისათვის, აჯობებს აგურის ან რკინაბეტონის კარკასული სახლი ააშენოთ.

აგურის ორ-სამ-სართულიან ინდივიდუალურ სახლს, თუ ის სამშენებლო ნორმების სრული დაცვით არის დაპროექტებული და აშენებული, გამძლეობისა და საიმედოობის თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ ექნება. ასეთი სახლი უფრო ადვილი ასაშენებელია და უფრო იაფიც ჯდება, ვიდრე რკინაბეტონის კარკასული სახლი. მაგრამ აგურის სახლს არქიტექტურული გეგმარების გარკვეულად შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, როგორც ახალი სახლის დაპროექტების ეტაპზე, ასევე რეკონსტრუქციის ეტაპზეც. ამ თვალსაზრისით, კარკასული შენობა ბევრად უკეთესია - მთელ დატვირთვებს კარკასი იღებს თავის თავზე. კარკასეულ შენობაში მეტი შესაძლებლობებია თავისუფალი გეგმარების, შეგვიძლია რთული კონფიგურაცია მივცეთ სახლს გეგმაში და ვერტიკალში. აგურის სახლის შემთხვევაში მზიდ კედლებს ვერ მოვხსნით და ვერც გადავაადგილებთ, კარკასულში კი გვაქვს შევსება და ტიხრები, რომლებსაც რეკონსტრუქციის შემთხვევაში თუ გვინდა საერთოდ ამოვიღებთ.

მას შემდეგ, როდესაც სახლის მასალას შეარჩევთ, უნდა გადაწყვიტოთ მზა ტიპური პროექტით აშენებთ თუ ინდივიდუალურით.

მზა ტიპური პოექტები ჩვენთან საბჭოთა პერიოდში მუშავდებოდა. თუ მონახავთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგრამ გაითვალისწინეთ, ის პროექტები იმდროინდელი მოთხოვნებით მუშავდებოდა. თუ გადაკეთება გინდათ, იმ პროექტის ავტორებს ვერ იპოვნით. სხვა არქიტექტორი დაგჭირდებათ.

მზა პროექტები შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტშიც, მაგრამ იქ წარმოდგენილია შენობის ხედები და გეგმარების სქემები. მუშა დოკუმენტაციებს გარკვეული პირობებით იძლევიან. ქართულენოვან ინტერნეტში მოყვანილ არქიტექტურულ სქემებს თვითნებურად ვერ გამოიყენებთ. შეგიძლიათ რუსულენოვან ინტერნეტშიც ნახოთ არქიტექტურული სქემები. მაგრამ გაითვალისწინეთ იქ პროექტები სრულდება უმეტესად ჩრდილოეთის რაიონებისათვის და უმეტესად არასეისმური რაიონებისათვის. ამასთან ამ სქემებს შემდგომი დამუშავება სჭირდებათ მუშა დოკუმენტაციის დონემდე, რაც სპეციალისტების გარეშე ვერ გაკეთდება. შეგიძლიათ ეს სქემები ინტერნეტში ათვალიეროთ, მაგრამ მათ გამოყენებაზე არ გირჩევთ იფიქროთ. ალბათ ცოტა ვინმე თუ გამოჩნდება ისეთი, ვინც ამ სქემებს მუშა დონემდე დაამუშავებს და შემდეგ პროექტს, როგორც ავტორი ხელს მოაწერს.

მზა უფასო პროექტები შეგიძლიათ ნახოთ თბილისის მერიის საიტზეც. თუ ამ პროექტებით გადაწყვეტთ საკუთარი სახლის აშენებას, ავტორებთან დაკავშირება არ გაგიჭირდებათ, მათთან დაკავშირება კი აუცილებლად მოგიწევთ თუნდაც იმიტომ, რომ სახლი ამ მზა პროექტით თქვენს ნაკვეთს მიაბან.

მაშასადამე, ყველა შემთხვევაში დაგჭირდებათ არქიტექტორი. ვის მიანდოთ დაპროექტება, უცებ ნუ გადაწყვეტთ ამ საკითხს. აშენებულ სახლს, თუ აღარ მოგეწონათ, ადვილად ვერ გამოცვლით. არქიტექტორის არჩევისას იმით ნუ იხელმძღვანელებთ, რამდენად იაფად აკეთებს ის პროექტს. გაითვალისწინეთ: პროექტის მთლიანი ფასი შენობის ღირებულების მხოლოდ 2-3%-ს შეადგენს და ამ 2-3%-ში კიდევ 10-20%-ით ეკონომიისათვის დიდ საქმეს ნუ გააფუჭებთ. ჯერ დაათვალიერეთ სხვადასხვა არქიტექტორების ნამუშევრები. თუ შესძლებთ, მიდით ადგილზე და ნახეთ, როგორ არის რეალობაში მათი პროექტები განხორციელებული. დაათვალიერეთ შენობა შიგნიდან. ჰკითხეთ სახლის მეპატრონეს არქიტექტორის, კონსტრუქტორისა და მშენებლების შესახებ. ყოველივე ამის შემდეგ გაესაუბრეთ თქვენს ამორჩეულს.

კარგი არქიტექტორი აუცილებლად დაინტერესდება თქვენი ინვესტორული შესაძლებლობებით, რათა მან ისეთი პროექტი არ შემოგთავაზოთ, რომელსაც ვერ განახორციელებთ. ეს არქიტექტორი დაინტერესდება აუცილებლად არა მხოლოდ შენობის მოცულობით, სართულიანობით, სარდაფის თუ მანსარდის საჭიროებით, ეზოში დამხმარე ნაგებობების აუცილებლობებით, არამედ მომავალი სახლის მაცხოვრებლებითაც, რა პროფესიის იქნებიან ისინი, არიან თუ არა ბავშვები, მოხუცები. ეს საჭიროა რაციონალური გეგმარებისათვის, მაგალითად, მოხუცებს აუცილებლად სჭირდებათ ჰქონდეთ საძინებელი პირველ სართულზე. ასაშენებელ სახლში მცხოვრებთა რაოდენობის ცოდნა საჭიროა იმისთვისაც, რომ გამოვთვალოთ საცხოვრებელი ფართის რეკომენდირებული ზომა. 1 სულზე კარგია 40 - 50 კვ.მეტრი მოდიოდეს. საჭიროა გაირკვეს რა ორიენტაცია ექნება შენობას გეოგრაფიული მხარეების მიმართ, როგორი იქნება ოთახების და ფანჯრების განლაგება ქუჩიდან შემოსასვლელის მიმართ და სხვა მრავალი საკითხი. საჭირო ინფორმაციის შეგროვების შემდეგ არქიტექტორი დაამუშავებს ესკიზურ პროექტს. თუ საჭირო გახდა, თქვენი შენიშვნების გათვალისწინებით, შეასწორებს მას და თქვენი თანხმობის შემდეგ შეუდგება საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებას სახელმწიფო დაწესებულებაში დამტკიცებისათვის.

ჩვენს საიტზე განყოფილებაში “არქიტექტურა” თქვენ ჯგუფი “ბესტჰაუსის” ოთხ მეტად მაღალი კვალიფიკაციის მქონე არქიტექტორს გაეცნობით. ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც მათ ნამუშევრებს ნახავთ, იმას რაც განხორციელებული აქვთ და იმას, რასაც განხორციელებისათვის სთავაზობენ დამკვეთს. თითეულ ამ არქიტექტორს თავისი საკუთარი სტილი აქვს. თუ რომელიმეს შეთავაზება მოგეწონათ, დაგვიკავშირდით და დაგვიკვეთეთ პროექტი. გაითვალისწინეთ, შენობა ფასდება იმითაც, ვინ არის მისი არქიტექტორი, კონსტრუქტორი, მშენებელი. პროექტს თქვენ ჩვენგან მიიღებთ სრულყოფილს.

კვალიფიციური მშენებლები თუ თქვენ თვითონ არ გყავთ, ჩვენ მოგეხმარებით მათ პოვნაში.

მშენებლობის შემდეგ ან მის პარალერულად, შეგვიძლია დაგიმუშავოთ ინტერიერისა და ავეჯის დიზაინიც.