PostHeaderIcon ინსტიტუტი "თბილზნიიეპი"

There are no translations available.

07.07.2016

ავტორი: თენგიზ ჯანჯღავა, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი,  „თბილზნიიეპის“ კარკასული შენობების კონსტრუქციების ლაბორატორიის გამგე 1991-2006 წლებში.

ნებისმიერ განვითარებულ სახელმწიფოში უამრავი სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტი ფუნქციონირებს. ამგვარი ინსტიტუტების გარეშე ქვეყანის განვითარება შეუძლებელია.  ამ სტატიაში გაეცნობით მშენებლობის სფეროში არსებული ინსტიტუტის, „თბილზნიიეპის" შესახებ ინფორმაციას, რომელიც 1964 წელს შეიქმნა  და რომელიც, სამწუხაროდ, 2006 წელს  გაუქმდა.

„თბილზნიიეპი“ („თბილისის ზონალური, სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტი“) - ყოფილი სსრკ „სახმშენის“ („გოსსტროის“) სისტემაში არსებული ხუთი ზონალური ინსტიტუტიდან ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ავტორიტეტული სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტი - ახორციელებდა მრავალმხრივ ზონალურ ფუნქციას არქიტექტურისა და მშენებლობის საკითხებში. ის იყო წამყვანი ინსტიტუტი სეისმომედეგი მშენებლობის სფეროში მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ჰქონდა ფილიალები ბაქოში, ბათუმში, პიატიგორსკში, სოჭსა და სოხუმში.

ინსტიტუტი განთავსებული იყო თბილისში, სანდრო-ეულის ქუჩაზე (მიწის ნაკვეთი ფართობით  42 000 კვ.მ, განაშენიანების მთლიანი ფართობი 11387 კვ.მ,  შენობების საერთო ფართობი - 22 929 კვ. მ) და ეს ტერიტორია წარმოადგენდა სახელმწიფოს კუთვნილებას. მოგვიანებით მოხდა მისი პრივატიზება და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ინსტიტუტი „თბილზნიიეპი" სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა:

  1. სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების  განყოფილება, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დეპარტამენტის ფუნქციას ასრულებდა;
  2. საპროექტო სამუშაოების განყოფილება, საპროექტო სამუშაოების დეპარტამენტის ფუნქციით;
  3. ექსპერიმენტულ-საწარმოო და სამეცნიერო-საკვლევი ბაზა.

სამივე ზემოაღნიშნული ერთეული მოიცავდა სხვადასხვა  განყოფილებას, სექტორსა და ლაბორატორიას, კერძოდ:

სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დეპარტამენტი

  • ქალაქისა და სოფლის ურბანული დაგეგმისა და განაშენიანების განყოფილება;
  • კურორტების, დასვენებისა და ტურიზმის ადგილების განყოფილება;
  • ქალაქისა და სოფლის საცხოვრებელი სახლების განყოფილება, რომელშიც შედიოდა:

-         პერსპექტიული საცხოვრებლების სექტორი;

-         სრულად ასაწყობი სახლთმშენებლობის სექტორი;

-         მასიური საცხოვრებლების დაპროექტების ოპტიმიზაციის სექტორი;

-         ქალაქისა და სოფლის საცხოვრებლების ბუნებრივ-კლიმატური ტიპიზაციის სექტორი.

  • საზოგადოებრივი შენობების არქიტექტურის განყოფილება:

-         სასწავლო-აღმზრდელობითი შენობების სექტორი.

  • დაპროექტების მათემატიკური მეთოდების განყოფილება:

-         პროგრამირების ოპტიმიზაციის სექტორი.

  • საძიებო დაპროექტების განყოფილება.
  • სამშენებლო ფიზიკის განყოფილება:

-         არქიტექტურული შუქტექნიკის ლაბორატორია;

-         შენობების ატმოსფერული ზემოქმედებისგან დაცვის ლაბორატორია;

-         სამშენებლო აკუსტიკის ლაბორატორია.

  • სამშენებლო კონსტრუქციების განყოფილება:

-         სეისმომედეგი მშენებლობის ლაბორატორია;

-         სივრცითი კონსტრუქციების ლაბორატორია;

-         ახალი მასალების ლაბორატორია;

-         მსხვილპანელოვანი შენობების კონსტრუქციების ლაბორატორია;

-         კარკასული შენობების კონსტრუქციების ლაბორატორია;

-         სახურავის კონსტრუქციების ლაბორატორია;

-         ქარხნული სახლთმშენებლობის ლაბორატორია.

  • ეკონომიკის სექტორი.
  • საინჟინრო დანადგარების სექტორი.

საპროექტო სამუშაოების დეპარტამენტი

  • არქიტექტურულ-საკონსტრუქტორო სახელოსნო №1;
  • არქიტექტურულ-საკონსტრუქტორო სახელოსნო №2;
  • არქიტექტურულ-საკონსტრუქტორო სახელოსნო №3;
  • არქიტექტურულ-საკონსტრუქტორო სახელოსნო №4;
  • მშენებლობის ორგანიზაციისა და ხარჯთაღრიცხვის განყოფილება;
  • ინდუსტრიული სამშენებლო კონსტრუქციების განყოფილება:

-         კარკასული შენობების სექტორი;

-         ინდუსტრიული ნაკეთობების სექტორი.

  • საინჟინრო დანადგარების განყოფილება:

-         ჰაერის გათბობისა და კონდენცირების სექტორი;

-         წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სექტორი.

  • ელექტრული სამუშაოებისა და სუსტი დენების განყოფილება;
  • ტექნოლოგიის განყოფილება;
  • ტერიტორიების საინჟინრო მომზადების სექტორი.

ექსპერიმენტულ-საწარმოო და სამეცნიერო-საკვლევი ბაზა

  • ექსპერიმენტული სამუშაოების უზრუნველყოფის განყოფილება;
  • კონსტრუქციების გამოცდის კვლევისა და მეთოდიკის ლაბორატორია;
  • კაპიტალური მშენებლობის ჯგუფი.

საერთო ინსტიტუტური განყოფილებები:

  • სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო სამუშაოების კოორდინაციის განყოფილება.
  • ტექნიკური განყოფილება:

-         პროექტების ექსპერტიზის სექტორი;

-         საპროექტო კაბინეტი.

  • სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის განყოფილება:

-         ბიბლიოთეკა;

-         არქივი.

  • გამოთვლითი ცენტრი;

-        გამოგონებებისა და პატენტწარმოების ჯგუფი;

-        ნახაზების-ასლების ბიურო

-        პროდუქციის გაშვების განყოფილება.


1965 წელს „თბილზნიეპში“ თანამშრომელთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 400-ს; მათ შორის, უმაღლესი განათლებით - 267, მეცნიერებათა დოქტორი - 1, მეცნიერებათა კანდიდატი - 2. ამ წელს ინსტიტუტის მიერ შესრულებული  სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო სამუშაოების მოცულობამ შეადგინა 463 500 მანეთი.

1972 წელს თანამშრომელთა საერთო რაოდენობა იყო 625. მათ შორის, უმაღლესი განათლებით - 372, მეცნიერებათა დოქტორი - 1, მეცნიერებათა კანდიდატი - 24. (აღსანიშნავია, რომ  24-დან 20-მა სწორედ „თბილზნიიეპში“  მუშაობის პერიოდში დაიცვა სამეცნიერო ხარისხი; არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატის - 9 პიროვნებამ, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის - 11-მა). ინსტიტუტის მიერ შესრულებული  სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო სამუშაოების მოცულობა შეადგენდა 1 051 000 მანეთს.

1980-იანი წლების ბოლოს კი „თბილზნიეპში“ თანამშრომელთა რაოდენობამ  უკვე 800-ს გადააჭარბა.

1964 – 2006 წ. პერიოდში „თბილზნიიეპში“ მუშაობდა რამდენიმე მეცნიერებათა დოქტორი და 100-ზე მეტი მეცნიერებათა კანდიდატი. ინსტიტუტში მიღებული იქნა 100-ზე მეტი საავტორო მოწმობა გამოგონებაზე.

ინსტიტუტს გააჩნდა მძლავრი მატერიალური ბაზა საკუთარი მდიდარი ბიბლიოთეკის, ტექნიკური კაბინეტისა და არქივის სახით. ფლობდა იშვიათ და ძვირადღირებულ აპარატურასა და დანადგარებს, რომელთა საშუალებით შესაძლებელი იყო შენობებზე, მათ ფრაგმენტებსა და მოდელებზე რეალურ დატვირთვებთან მიახლოვებული სეისმიური ტალღების ზემოქმედების იმიტაცია და სეისმომედეგი მშენებლობისათვის საჭირო ექსპერიმენტული გამოკვლევების ჩატარება.

დამუშავებული სამეცნიერო თემები და პროექტები განიხილებოდა ინსტიტუტის სამეცნიერო-ტექნიკურ საბჭოზე  და დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ დადასტურებული დირექტორის  ხელმოწერითა და ბეჭდით, ნამუშევრები ეგზავნებოდა დამკვეთს.

„თბილზნიიეპის“ სამეცნიერო-ტექნიკურ საბჭო, რომელიც დამტკიცებული იყო სსრკ სახელმწიფო კომიტეტის მიერ (11.11.1968), შედგებოდა 54 წევრისაგან, მათ შორის  6 დოქტორისა და 17 კანდიდატისაგან. საბჭოში იყო ორი სექცია: 1) არქიტექტურისა და კონსტრუქციების, 2) საინჟინრო დანადგარების. საბჭოს შემადგენლობაში, გარდა ამ ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტებისა, იყვნენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები სხვა სამეცნიერო-კვლევითი და საწარმოო ორგანიზაციებიდანაც. 1989 წელს „თბილზნიიეპში“ შეიქმნა  სპეციალიზირებული საბჭოც, მას უფლება ჰქონდა განეხილა სადისერტაციო ნაშრომები და მიენიჭებინა ავტორისათვის  მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, რომელსაც შემდეგ სსრკ უმაღლესი საატესტაციო კომისია (ВАК) ამტკიცებდა.

„თბილზნიიეპის“  სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების გეგმის შემუშავება ხდებოდა ინსტიტუტის ძირითადი მიმართულებებისა და სამოქალაქო მშენებლობის სფეროში არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გათვალისწინებით, ასევე, სამეცნიერო-კვლევითი  და საპროექტო სამუშაოების საკოორდინაციო გეგმის საფუძველზე.

ძირითადი მაჩვენებლები, რომლებიც შესაძლებლობას იძლეოდა ინტიტუტის  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასებას, იყო:

-         საიხლე, პერსპექტიულობა, კვლევების შედეგების ეკონომიკური ეფექტი;

-         მშენებლობის ობიექტებში დანერგვა;

-         ნორმატიული დოკუმენტების, სახელმძღვანელოების, რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების შექმნა;

-         გამოკვლევებში უახლესი მეთოდების გამოყენება და პროგრესული ხელსაწყოების და აპარატურის შექმნა;

-         გამოფენებში, კონკურსებში, თათბირებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, კონგრესებში მონაწილეობა;

-         სამეურნეო ხელშეკრულებების თემატიკის დამუშავება.

არსებული ინფორმაციით (ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ 1973 წელს გამოცემული ანგარიშის მიხედვით) „თბილზნიიეპში“ 1964-72 წლების პერიოდში  შესრულდა  82 საცხოვრებელი სახლისა და 55 საზოგადოებრივი შენობის ტიპური პროექტი, მათ შორის:

საბავშვო სკოლამდელი დაწესებულება - 5;

ზოგადსაგანმანათლებო სკოლა - 7;

პროფტექნიკური სასწავლებელი - 4;

ვაჭრობის და საზოგადოებრივი კვების - 19;

საყოფაცხოვრებო მომსახურეობის საწარმო - 3;

სპორტული შენობა და ნაგებობა -10;

ტურბაზის კომპლექსი - 2;

კლუბი - 1;

კინოთეატრი -4;

აღსანიშნია, რომ 1975 წელს  თბილისში აშენედა საქართველოს სსრ საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა (არქიტქტორები: გიორგი ჩახავა და ზურაბ ჯალაღანია), რომლის პროექტის კონსტრუქციული ნაწილიც ამ შენობის ავტორთა ჯგუფის ხელმძღვანელისა და  ამავე სამინისტროს მთავარი არქიტექტორის, გიორგი ჩახავას, შეთავაზებით დაამუშავეს  „თბილზნიიეპის“ თანმშრომლებმა - იმ პერიოდში ინტიტუტის მთავარმა კონსრტუქტორმა თეიმურაზ თხილავამ და ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატმა ალექსანდრე კიმბერგმა. ქვემოთ სურ. 1-ზე წარმოდგენილია ამ შენობის ხედი.

სურ.1

1980 წელს აღნიშნული შენობის დაპროექტებისა და მშენებლობისათვის ავტორებს სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს პრემია მიენიჭათ. რთულ რელიეფზე მდგარი ეს ულტრათანამედროვე იერსახის შენობა ყოფილ სსრკ-ში აგებულ შენობათაგან ერთადერთი ობიექტია, რომელიც ნიუ-იორკში გამოცემულ მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე შენობათა კატალოგში იქნა შეტანილი. დამოუკიდებელ საქართველოში მოხდა ამ შენობის პრივატიზაცია. 2007 წელს ეს  შენობა საქართველოს ბანკმა შეიძინა.

1964 წელს დაარსებიდან 1991 წლამდე პერიოდში „თბილზნიიეპში“ შესრულდა ასობით სამეცნიერო ნაშრომი, რამაც მეცნიერული საფუძველი შეუქმნა საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობათა 400-ზე მეტ ტიპურ და მრავალ ინდივიდუალურ საპროექტო გადაწყვეტილებას, ინსტიტუტში დამუშავებულია სეისმოდეგი შენობების კონსტრუქციულ სისტემათა საკავშირო სერიები (კარკასულ-პანელიანი კონსტრუქციების - ИИС-04 და 1.020.1-2c; კარკასულ-პანელიანი კონსტრუქციების არმატურის მშენებლობის პირობებში დაძაბვით - 1.120.1-1c; მსხვილპანელპვანი კონსტრუქციების - 1.090.1-2c.), რომელთა გამოყენებით საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე აშენდა ათასობით საცხოვრებელი და საზოგადოებრივი და სამრეწველო შენობა-ნაგებობა. აღნიშნული სამუშაოებიდან ბევრს აქვს მინიჭებული საკავშირო და რესპუბლიკური სამთავრობო პრემიები.


სურ.2

„თბილზნიიეპში“ შექმნილი ტიპური პროექტით აშენებული შენობის ერთ-ერთი მაგალითია სურ. 2-ზე ნაჩვენები არმატურის მშენებლობის პირობებში წინასწარი დაძაბვით კარკასის კონსტრუქციებში (სერია1.120.1-1c) თექვსმეტ-სართულიანი საცხოვრებელი სახლი (არქიტექტორი ვახტანგ კვიმსაძე), რომელიც 1985 წელს აშენდა თბილისში, მუხიანში. შემდეგ წლებში ამ პროექტით სახლები აშენდა თბილისის სხვა რაიონებშიც.

ამ კონსტრუქციის შენობის უმთავრესი თავისებურება არის ის, რომ ახალი ანაკრები კონსტრუქციების შენობის საფუძვლად ჩადებულია კარკასის ურიგელო  სისტემა, სადაც მზიდი ელემენტები - კოლონები და გადახურვები, ერთმანეთთან შედუღების გარეშეა შეერთებული ხახუნის ძალების გამოყენებით, რომლებიც ამ ელემენტების ერთმანეთთან შეხების ადგილებში აღიძვრება მშენებლობის განხორციელების პირობებში მაღალი სიმტკიცის არმატურის (K-7 კლასის) ბაგირების წინასწარი დაძაბვის დროს. ახალი კონსტრუქციის კარკასული შენობის უპირატესობია: ჯამური შრომადანახარჯებისა და ფოლადის ხარჯის შემცირება; არქიტექტურულ-გეგმარებითი შესაძლებლობების გაუმჯობესება; სეისმური ზემოქმედების დროს მაღალი საიმედოობა.

კარკასულ-პანელიანი შენობების მშენებლობის პირობებში დაძაბვით მშენებლობა (ეს არის სისტემა ИМС, რომლის ავტორია აკადემიკოსი ბრანკო ჟეჟელი) გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ხორციელდებოდა იუგოსლავიაში. თითქმის 30 წლის მანძილზე - სერბეთის, ჩერნოგორიის, სლოვენიის რესპუბლიკებში ამ სისტემით რამდენიმე მილიონი კვადრატული მეტრის საცხოვრებელი სახლი იქნა აშენებული. არმატურის მშენებლობის პირობებში წინასწარი დაძაბვით სახლების მშენებლობა განხორციელდა ასევე უნგრეთში (იქ ააშენეს  ყველაზე მაღალი 26-სართულიანი შენობა), ბულგარეთში, ავსტრიაში, იტალიაში, ეგვიპტეში, ანგოლასა და სხვა ქვეყნებში.

ИМС  სისტემით მშენებლობის იუგოსლავიური გამოცდილების გათვალისწინებით „თბილზნიიეპში“ დამუშავდა ახალი კონსტრუქციების ტექნიკური გადაწყვეტილებები (დაცული 11 საავტორო მოწმობით) და დანერგილი იქნა დაპროექტების დროს და მშენებლობაში.   დამუშავდა სხვადასხვა შენობის მუშა ნახაზები. არჩეული მიმართულება დასაბუთებული იყო მრავალი კომპლექსური გამოკვლევებით. ინსტიტუტის დოკუმენტებში ჩამოყალიბებულ იქნა ახალი ტიპის კარკასულ-პანელიანი შენობების გაანგარიშების, კონსტრუირებისა და მონტაჟის  ძირითადი დებულებები. ექსპერიმენტული მშენებლობის შედეგების გათვალისწინებით,  „თბილზნიიეპში“ საკავშირო ინსტიტუტ „ნიიჟბის“ (НИИЖБ) მონაწილეობით დამუშავდა ტიპური სერია 1.120.1-1c (მშენებლობის პირობებში წინასწარ დაძაბვით საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების კარკასის კონსტრუქციები  7, 8 და 9 ბალიანი სეისმურობის რაიონებში მშენებლობისათვის), რომელიც დამტკიცებულ იქნა „გოსკომარქიტექტურის“ (Госкомархитектуры) მიერ და შესაძლებელი გახდა მისი გამოყენება სსრკს ინსტიტუტებში საცხოვრებელი-სამოქალაქო დანიშნულების სეისმომედეგი ობიექტების დაპროექტების დროს.

სსრკ-ში მშენებლობის სფეროში პროგრესის „თბილზნიიეპის“ როლზე წარმოდგენას იძლევა ქვემოთ სურ.3-ზე ნაჩვენები რუკაც, სადაც აღნიშნულია ქალაქები, რომლებშიც ადგილობრივ სპეციალისტებს „თბილზნიიეპი“ უწევდა მეცნიერულ-ტექნიკურ დახმარებას არმატურის მშენებლობის პირობებში წინასწარი დაძაბვით მრავალსართულიანი შენობების ახალი კონსტრუქციული სისტემით (სერია1.120.1-1c) მშენებლობის განხორციელებაში.

სურ.3

საერთოდ,  „თბილზნიიეპი“ აქტიურად თანამშრომლობდა სსრკ-ს 400 საპროექტო ორგანიზაციასთან, 105 სამშენებლო სამინისტროსა და უწყებასთან, 130 სამშენებლო ტრესტთან და 80 რკინაბეტონის ქარხანასთან და კომბინატთან. „თბილზნიიეპი“ ტრადიციულად ასრულებდა სამუშაოებს საზღვარგარეთის რიგი ქვეყნებისათვის -  ავღანეთის, ირანის, მონღოლეთისათვის და სხვა. წარმატებით თანამშრომლობდა იუგოსლავიის, ნორვეგიის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების სამეცნიერო ცენტრებთან.

ინსტიტუტი საბჭოთა ეპოქაში თავისი არსებობის 35 წლის განმავლობაში ამუშავებდა, იკვლევდა  და პრაქტიკაში ნერგავდა სხვადასხვა დანიშნულების შენობებისა და ნაგებობების აღდგენის, გაძლიერებისა და სეისმომედეგობის გაზრდის ახალ, ეფექტურ მეთოდებს. „თბილზნიიეპის“ მიერ რეკომენდებული მეთოდები ინერგებოდა ყოფილი სსრკ-ში მომხდარი პრაქტიკულად ყველა მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის დროს. ასევე, ნაგებობების სხვა სახის ზემოქმედების შედეგად დაზიანების აღმოფხვრის დროს.

ამ რეკომენდაციებმა გამოყენება ჰპოვა შემდეგ შემთხვევებში: მოსკოვში შერემენტიევოს აეროპორტის ანგარების კომპლექსის აღდგენისას; ქ. ტოლიატში ავტომობილების ქარხნის საჩამომსხმელო საამქროს გადახურვის გაძლიერებისას; თბილისის და ერევნის ოპერის თეატრების გამაგრებისას; თბილისის სპორტის სასახლის გარსული სახურვის და დინამოს სტადიონის გადახურვის კონსოლური ელემენტების გაძლიერებისას და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების აღდგენა-გამაგრებისას. ამასთან, „თბილზნიიეპი“ არა მხოლოდ ტექნიკურ დოკუმენტაციას, არამედ, თავადაც საკუთარი ლაბორატორიებისა და საწარმოო-ექსპერიმენტული ბაზის ძალებით აწარმოებდა აღდგენით სამუშაოებს.

„თბილზნიიეპში“ ყოველწლიურად გამოიცემოდა სამეცნიერო შრომების კრებულები,  ინსტიტუტში შექმნილი ახალი ტექნიკური წინადადებებისა და დამუშავებული პროექტების შესახებ ინფორმაციული დანიშნულების პუბლიკაციები და სხვა მასალები.

მეცნიერულ თემებზე და პროექტებზე მუშაობასთან ერთად „თბილზნიიეპში“ ბევრი საინტერესო ღონისძიება ტარდებოდა განტვირთვის მიზნით: მაგალითად: თანამშრომლების ნახატების გამოფენა; ეწყობოდა ექსკურსიები საქართველოს ისტორიულ ადგილებში და  სსრკ-ს სხვადასხვა ქალაქებში; იმართებოდა  ჩემპიონატები ფეხბურთში სახელოსნოებსა და განყოფილებებს შორის, სადაც ახალგაზრდა არქიტექტორები და ინჟინრები იღებდნენ მონაწილეობას; ეწყობოდა შეჯიბრებები ჭადრაკში. ინსტიტუტში იწვევდნენ საინტერესო ადამიანებს სხვადასხვა საკითხებზე ლექციების წასაკითხად. ასე მაგალითად მოწვეული ჰყავდათ ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი, რომელიც ერთ დროს სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტორის ფაკულტეტზე; ინსტიტუტს სტუმრობდა ცნობილი მოჭადრაკე, გროსმაისტერი დავით ბრონშტეინი და სხვა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში „თბილზნიიეპს“ ჰქონდა რუსეთის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების დაპროექტების ლიცენზია და ასრულებდა კიდეც დაკვეთებს რუსეთის მთელი რიგი რეგიონებისათვის. შემდეგში ეს საქმიანი ურთიერთობები თანდათან შეწყდა.

დამოუკიდებელობის მიღწევისთანავე საქართველოში გამეფებულმა ეკონომიკურმა და ფინანსურმა კრიზისმა თავისი დაღი დაასვა ინსტიტუტის მდგომარეობას. ქვეყნის შიგნით არავინ აფინანსებდა სამეცნიერო და კვლევით სამუშაოებს, ქვეყანაში იშვიათი იყო დაკვეთები შენობა-ნაგებობების დაპროექტებაზე. ინსტიტუტის თანამშრომელთა რიცხვი 160-მდე შემცირდა.

დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკის შედარებით გამოჯანსაღების პერიოდში 1997-98 წლებში ინსტიტუტს შეეტყო გამოცოცხლება - დამუშავდა რამდენიმე ახალი წინადადება უნიკალური მშენებლობისათვის, რომელთა შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი იყო მშენებლობის საერთაშორისო გამოფენებზე: პარიზში (1997 წლის 3-8 ნოემბერს); თბილისში (1999 წლის 25-28 აპრილს). დამუშავდა სახლების ასობით აღდგენა-გაძლიერების პროექტი სამაჩაბლოში შეიარაღებული კონლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის. ამ პერიოდში „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს“ დაკვეთით „თბილზნიიეპში“ დამუშავდა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების - საქართველოს სამშენებლო ნორმების ერთი ნაწილიც.

ამჟამად არა მხოლოდ „თბილზნიიეპი“, არამედ  მშენებლობის სფეროში სხვა მეტად მნიშვნელოვანი სამეცნიერო და საპროექტო დაწესებულებები არის გაუქმებული. მაგალითად: კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტი; „თბილქალაქპროექტი“ და სხვა. ამის პარალელურად აცხადებენ, რომ საქართველოში შენდება ობიექტები უცხოელების მიერ. მაგალითად, 2006 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თურქულმა კომპანიამ  ააშენა თავისი პროექტით. აღნიშნული აეროპორტის პროექტზე გამოცხადებულ ტენდერში ქართველებიც მონაწილეობდნენ. წარმოდგენილი იყო „თბილზნიიეპის“ არქიტექტორების, ოთარ თუხარელისა და გივი თუხარელის მიერ შემუშავებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი.  ამ არქიტექტორებს  „თბილზნიიეპში“დამუშავებული ჰქონდათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის ორი ვარიანტი: 1. აეროპორტი გამტარობით 2500 კაც/საათში პროექტი (სურ. 4). ამ პროექტით მშენებლობა დაწყებული იყო საბჭოთა ეპოქაში და შეწყდა  1990-იანი წლების დასაწყისში; 2. გამტარობით 1200 კაც/საათში (სურ.4ბ და 4 გ).

სურ.4ა


სურ4.ბ  სურ4.გ


სატენდერო კომისიამ, გამარჯვებულად თურქული პროექტი გამოაცხადა. ქვემოთ (სურ.5ა და 5ბ-ზე) ნაჩვენებია თურქების მიერ აშენებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის  ხედები.

სურ. 5ა,                                                                            სურ. 5ბ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თურქული პროექტით აშენების გადაწყვეტილება შესაძლებელია სხვადასხვა  მოსაზრებით იყო მიღებული.

მიუხედავად იმისა, რომ წინა ეპოქაში ქართველი  მშენებლების მიერ იყო დაპროექტებული და აშენებული მრავალი რთული ობიექტი (როგორებიცაა, მაგალითად: ენგურჰესი; თბილისის დინამოს სტადიონი; სპორტის სასახლე და სხვა; ახალი რაიონები თბილისში მრავალრიცხოვანი მოსახლეობებით და მთელი თავისი ინფრასტრუქტურით - გლდანი, მუხიანი, ვაზისუბანი,  და ა. შ.), შესაძლოა, ქართველ სპეციალისტებს არ მიანდეს ეს სამუშაო  საქართველოში უკანასკნელ, განსაკუთრებით ბოლო წლებში, გაუგებარი წყაროდან დამკვიდრებული იმ მავნე განწყობის გავლენით, როდესაც ადგილობრივ სპეციალისტთა ნამუშევრებს და  ნაწარმს სათანადოდ არ აფასებენ.

არც ის არის გამორიცხული, რომ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების მიღებაში პროექტის ფასმა და მისი განხორციელებისათვის მოკლე ვადებმა ითამაშა გადამწყვეტი როლი.  მაგრამ, თურქების მიერ დაპროექტებულ აეროპორტის კონსტრუქციულ ნაწილში იყო მეტად სერიოზული პრობლემები. Besthouse.ge-ზე გამოქვეყნებულ წერილში „მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის როლი ნაგებობათა სეისმომედეგობის ამაღლებაში“, რომლის ავტორია მშენებლობის დარგში ევროკავშირის ექსპერტი, სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურიატი 1982 და 1988 წლებში, აკადემიკოსი მალხაზ ბედიაშვილი (ცნობისათვის: 1970-80-ან წლებში ის იყო „თბილზნიიეპის“ მთავარი ინჟინერი და შემდეგ საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტექნიკური სამართველოს უფროსი)  ამ აეროპორტის შესახებ ნათქვამია შემდეგი:

როცა პროექტი წარმოადგინეს ექსპერტიზაზე, როგორც გვითხრეს, მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემული იყო და ჩვენი ექსპერტიზა ფორმალურ ხასიათს ატარებდა. მაგრამ მოხდა პირიქით: ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ეს უდიდესი მნიშვნელობის საჰაერო კარიბჭე უხეში დარღვევებით იყო დაპროექტებული: ) ქარის დატვირთვა მოსალოდნელზე 2.5-ჯერ ნაკლები იყო გათვალისწინებული; ) საძირკვლები დაფუძნებული იყო შრეობრივი გრუნტის შემადგენელ სუსტ გრუნტებზე და არ იყო საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების შედეგები გათვალისწინებული; ) და ბოლოს, შენობა არ იყო გაანგარიშებული სეისმურ ზეგავლენაზე. თურქი დამპროექტებლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ 3 თვის ვადაში მოახდინეს შენობის გადაანგარიშება რეალურ საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებში დაფუძნებისათვის და შენობაზე ფაქტიურად შესაძლო მოქმედ ძალვებზე: როგორც ქარზე, ისე სეისმურ ზემოქმედებაზე. ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაგებობის კონსტრუქცია, მისი მზიდი კონსტრუქციული ელემენტები საუკუნეებს გაუძლებს“.

ძნელი წარმოსადგენია, ამ მეტად დიდი მნიშვნელობის ობიექტის დამპროექტებლებს ასეთი შეცდომები მოსვლოდათ და მშენებლობის რაიონის პირობები არ გაეთვალისწინებიათ. შესაძლოა, ეს პროექტი ადრე სხვა ქალაქისათვის იყო გათვალისწინებული, შემდეგ კი რატომღაც ის იქ არ ან ვერ განხორციელდა. სავარაუდოდ, შემდგომში ავტორებმა მოინდომეს ამ პროექტის სხვაგან რეალიზაცია და  საქართველოში გამოცხადებულ ტენდერში უკვე გამზადებული პროექტით მიიღეს მონაწილეობა და შესთავაზეს დაბალი ფასი  და დაპროექტებისათვის მცირე ვადა.

საზოგადოებაში კითხვები იყო ხელშეკრულების მიხედვით აეროპორტის მშენებლობისა და  ექსპლუოტაციის პირობების მიმართაც. ამ თემაზე  საინტერესო ინფორმაციაა 2006 წელს ინტერნეტჟურნალ ბიზნესსა და მენეჯნენტში დაბეჭდილ სტატიაში: გვექნება თუ არა საზეიმო განწყობა თბილისის ახალი აეროპორტის გახსნის მერე?".

საერთაშორისო აეროპორტი მხოლოდ სამეურნეო დანიშნულების ობიექტი არ არის. ის სახელმწიფოს ერთგვარი სახეც არის, რომლითაც იწყებს სტუმარი ქვეყნის, მისი უნარის, შესაძლებლობების გაცნობას და ეს ობიექტი შეიძლება ამ ქვეყანაში გარკვეული ეპოქის მონუმენტად იქცეს. როგორც მაგალითად; ჯონ კენედის სახელობის აეროპორტი ნიუ-იორკში (იხ. სურ.6).

სურ.6

სახელმწიფოში ესოდენ მნიშვნელოვანი ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა უცხოელებს მაშინ უნდა დაუკვეთონ, როდესაც ადგილობრივ არქიტექტორებს, ინჟინრებსა და მშენებლებს მათი განხორციელება არ შეუძლიათ ან უცხოელებს ეს ბევრად უკეთ შეუძლიათ და გვჭირდება მათი ცოდნისა და გამოცდილების შესწავლა.

საქართველოში არიან პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ ხარისხიანი შენობების დაპროექტება და აშენება. საქართველოში მშენებლობების სფეროში მიღწევების შესახებ საუბრისას მრავალი საინტერესო ნაგებობა და მისი დაპროექტების ისტორია შეიძლება დასახელდეს:

ერთ-ერთ ასეთ ისტორიას შეგვიძლია გავეცნოთ Besthouse.ge-ზე  რუსულ ენაზე გამოქვეყნებული წიგნის  ფრაგმენტებში, ,,ინჟინრის ბედი და მისი მიღწევები“ რომლის ავტორია საქართველოში წლების განმავლობაში  მოღვაწე ინჟინერი და მეცნიერი, ორგზის სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურიატი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე კიმბერგი. ხსენებული წიგნის მეორე თავში მოთხრობილია თბილისში დამუშავებული ტიპური პროექტით ჩინეთის ქალაქ ლანჩჟოუში 1959 წელს მდინარე ხუანხეზე აშენებული ხიდის (სურ.7) შესახებ. ამ ხიდის მონტაჟის დროს კონსულტაციებისათვის ხშირად ჩამოდიოდნენ ჩინეთიდან მშენებლები. ხიდის მშენებლობის მთავარი ინჟინრის თხოვნით იგზავნებოდა თბილისიდან წერილები, სადაც სტატიკური ანგარიშის ყველა წვრილმანის შესახებ მიეწოდებოდა მას ინფორმაციები.  შემდეგში,  ეს პროექტი ბევრჯერ იქნა გამოყენებული ჩინეთში მთელი რიგი დიდი ხიდების მშენებლობის დროს.

სურ.7

ამჟამად ჩინეთში შენობებისა და ნაგებობების მშენებლობები გრანდიოზული მასშტაბებით  მიმდინარეობს. აშენებენ ცათამბრჯენებსაც (სურ.8). მაღლივი სახლთმშენებლობა იქ დაიწყო უცხოურ (ძირითადად აშშ-ს) კოპანიებთან ერთად. ჩინეთში დღესდღეობით იმდენი გამოცდილება შეიძინეს, რომ საკუთარი მშენებლები თვითონ აშენებენ  მაღლივ საცხოვრებელ და  საოფისე  შენობებს.

სურ.8. შანხაი

„თბილზნიიეპთან“ დაკავშირებით, გარდა ზემოთქმულისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ის საქართველოში მშენებლობის დარგის სპეციალისტების დაოსტატების ერთ-ერთი საუკეთესო სკოლაც იყო. იქ, ყოველწლიურად აგზავნიდნენ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს პრაქტიკის გასავლელად. ბევრი მათგანი რჩებოდა ინსტიტუტში სამუშაოდ, ზოგიც იქ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას იყენებდა ობიექტების მშენებლობებზე სამსახურის დაწყების შემთხვევაში,

გამოცდილება აჩვენებს, რომ  არქიტექტორს ან ინჟინერს საკმარისი ცოდნისა და გამოცდილების შესაძენად საჭიროა მიღებული ჰქონდეს მონაწილეობა  განსხვავებული ტიპისა და სირთულის ამოცანების გადაწყვეტაში მაღალი კვალიფიკაციის მქონე გამოცდილ სპეციალისტისტებთან ერთად. საამისოდ კი ახალგაზრდა სპეციალისტს ინტენსიური მუშაობის  5 -10 და, შესაძლოა, 15 წელიწადიც კი დასჭირდეს.

დამოუკიდებელ საქართველოში სხვადასხვა პროფილის სახელმწიფო სამეცნიერო, კვლევითი და  საპროექტო ინსტიტუტების  გაუქმებასთან ერთად უმაღლესი სასწავლებლების დამთავრების შემდეგ ახალბედა სპეციალისტებს  გამოცდილების მიღების შესაძლებლობა თითქმის არ აქვთ. ამ პერიოდში ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონისა და სამუშაოებზე დაკვეთების მიღებისათვის ძლიერი კონკურენციის პირობებში შექმნილ პატარ-პატარა კერძო საპროექტო ფირმებში სამსახურის შოვნა გამოუცდელს კი არა, გამოცდილ სპეციალისტებსაც უჭირთ. თუ არ გვეყოლება ქვეყანაში წინა თაობის სპეციალისტების ღირსეული ცვლა, არც თუ შორეულ მომავალში, არამც თუ შენობებისა და ნაგებობების  კვალიფიციურად დამპროექტებლები და მშენებლები, სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, არამედ იმ მომენტისათვის ძალაში მყოფი დოკუმენტებისა და მზა პროექტების წამკითხველები და სათანადო დონეზე გამგებიც კი აღარ გვეყოლება.

ამავე დროს, თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში  ნებისმიერ სფეროში მოღვაწე მეცნიერებსა და დამპროექტებლებს ჯერ აუთვისებელი სიმაღლეების დასაპყრობად უწევთ სულ უფრო რთული ამოცანების გადაწყვეტა. ქვეყანაში სპეციალისტების პროფესიონალიზმის დონის განვითარების უწყვეტობა აუცილებელი პირობაა შემდგომ ეპოქებში ამ ქვეყნის მოქალაქეების მსოფლიო საზოგადოებაში ღირსეული ადგილის შენარჩუნებისათვის.

საქართველოში ადამიანის მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში მრავალმხრივ გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებისათვის ერთ-ერთი უმთავრესი, რაც აუცილებელია, არის ის, რომ ადრინდელ ეპოქაში აქ არსებული სამეცნიერო კერები, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ახალი ეპოქის მოთხოვნებისა და საშუალებების  შესაბამისად აღვადგინოთ და რაც გვაკლდა მაშინ, დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმატებით ფუნქციონირებისათვის სამეცნიერო და საპროექტო ინსტიტუტები, შევქმნათ.

ასეთი ინსტიტუტების შექმნას შესაბამისი დონის სპეციალისტები და ფინანსები სჭირდება.

მაღალი დონის და გამოცდილი სპეციალიტები, ჩვენთან უკვე ცოტაა, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობენ. სამაგიეროდ, ბევრი ისეთია, რომელსაც, სამწუხაროდ, გარემოებების გამო, საკმაო ცოდნა და გამოცდილება არ აქვს, მაგრამ, საბედნიეროდ, გამჭრიახი გონება აქვს, შეუძლია ყველაფერი აუცილებელი მოიძიოს (მაგრამ ამისთვის მას სტიმული უნდა ჰქონდეს), წაკითხული კი გაიგოს და გაანალიზოს  და რასაც აითვისებს, პრაქტიკაში ეფექტურად გამოიყენოს.

თუ საქართველოს მაცხოვრებლებს გვსურს, რომ დამოუკიდებელი და მაღალგანვითარებული სახელმწიფო გვქონდეს, აუცილებელია თანამედროვე სამეცნიერო და საპროექტო ინსტიტუტების შექმნისა და ფუნქციონირებიათვის საჭირო ფინანსები ხელისუფლებამ და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა გამონახონ.